დაუჭერენ თუ არა დეპუტატები სამი ოპოზიციონერი კანონმდებლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს - საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. საუბარია შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეზე. პირველი ორის შემთხვევაში მიზეზი რეგლამენტი და არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა, ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე იმედს იტოვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე "ქართული ოცნება" უარს იტყვის.
"დღეს რაც ხდება ბატონ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე უარს იტყვი ქართული ოცნება და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით შეკითხვები არ დარჩება. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, რეგლამენტი პირდაპირ ავალდებულებს საპროცედუროს, განიხილოს იმ დეპუტატების საკითხი, რომლებმაც გააცდინეს და არ დადიოდნენ კომიტეტის სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატები არ ვაპირებთ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას," - ამბობს ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარლამენტის წევრებს არ აქვთ უფლებამოსილება, შეუჩერონ დეპუტატებს ის მანდატი, რომელიც მათ მოქალაქეებმა მიანიჭეს.
"ბატონ ბადრის არა თუ არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, არამედ მისი საკითხი საერთოდ არ უნდა იქნას გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად გამოაცხადეს, რომ ის დამნაშავეა, ნასამართლეობაც კი არ ვრცელდება მასზე. პარლამენტის არც ერთი წევრის გადასაწყვეტი არ არის, შეზღუდოს მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლის ნება, საკუთარ რჩეულ დეპუტატს უყუროს ვადის ამოწურვამდე პარლამენტის დარბაზში. ჩემი აზრით, ბატონი შალვას ამომრჩევლები ამას იმსახურებენ და არ უნდა მოვაკლოთ ეს სიამოვნება,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.