"ნაციონალური მოძრაობა" დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე ელიან. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათ კითხვები რუსეთ-უკრაინის კრიზისში საქართველოს როლზე აქვთ.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ ბატონი ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა , დმიტრო კულებამ განმარტა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობის და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში," - ამბობს თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიის განცხადებას, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან ნებისმიერ ფორმატში ოპონირებისთვის მზად არიან.
"პირველ რიგში, ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიცია ვნახოთ პარლამენტში, ისე როგორც ის ხალხმა აირჩია, შემდეგ უვე რეგლამენტით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმატით, ჩვენ მზად ვართ ოპონირებისთვის,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.