გორის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, პოლიტიკურმა პარტიებმა ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ განაცხადეს. საბჭოში 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა".
საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" იყო. კირბალში ჩასულმა პოლიტიკოსებმა საბჭოს მიზნების და ამოცანების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში დააბრუნონ.
"დღეს ჩვენი ქვეყანა ახალი ოკუპაციის და შესაძლოა გარკვეული ტერიტორიების ანექსიის საფრთხის ქვეშ დგას. ეს საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ დღეს რატომღაც ეს საკითხი არ არის პოლიტიკურ ველზე პირველხარისხოვანი," - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა.