16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
მოახერხებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას - ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

ისევ ღიად რჩება კითხვა - მოახერხებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას?

ინიციატივა დარეგისტრირებულია, ახლა საჭიროა პარტიამ ოპოზიციონერი კოლეგების სრული მობილიზება შეძლოს და 50 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. განწყობები პარლამენტში უცვლელია- ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, მმართველი გუნდისთვის კი კომისიის შექმნა ის მიზეზია, რითიც "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გაამართლებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არსებობს რეალური შანსები იმისა, რომ მოგროვდეს 50 ხმა.

"ვვარაუდობთ, რომ მარტში პირველივე სხდომაზე მოხდეს დეპუტატების მობილიზაცია, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმაც დაუჭირონ მხარი. მაღალი ალბათობით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამის იმედი გვაქვს. კარგი იქნება, რომ უმრავლესობის წევრებიც მხარს დაუჭერენ,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარდაჭერას არ გეგმავენ პარტია "საქართველოსთვის" წევრები. მიხეილ დაუშვილის თქმით, გამოძიება ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს და საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ.

მხარდაჭერას არ აპირებენ არც "მოქალაქეები", ლევან იოსელიანის თქმით, მათ არ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით წამებას ჰქონდა ადგილი და ასევე მათთვის მიუღებელია, რომ მხოლოდ ერთი პარტიის დღის წესრიგი იყოს განმსაზღვრელი პარლამენტში.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერას არ გეგმავენ მმართველ პარტიაში. ანრი ოხანაშვილის თქმით, მათ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვთ და თუ ვინმეს კითხვები აქვს, მათ სამართლებრივად უნდა იბრძოლონ სასამართლოში და არა პარლამენტში.

"ქართული ოცნების" მონაპოვარს უწოდებს ირაკლი ქადაგიშვილი იმას რომ ოპოზიციას აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. თუმცა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს.

"თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა საფუძვლიანია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავთ. თუ პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიქმნება ასეთი კომისია, ვიმსჯელებთ, ამ კომისიის მუშაობაში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები