მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კომისიამ უნდა გამოიძიოს: ჰქონდა თუ არა ადგილი ექსპრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 50 ხმის შეგროვებას შეძლებს.
"ნაციონალურ მოძრაობას" კოლეგების ერთი ნაწილი მხარს უკვე უჭერს, მათ შორის "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი", თუმცა, თავის მხრივ, ყველა ოპოზიციონერის სურვილია მსგავსი ინიციატივების შემთხვევაში "ნაციონალურმა მოძრაობამაც" ანალოგიური მხარდაჭერა გამოხატოს.
საკუთარი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს - "მოქალაქეებს", "ევროპელ სოციალისტებს" და პარტია "საქართველოსთვის". ისინი კენჭისყრის დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ დაუჭერენ. მიიჩნევენ, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატი საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად უნდა გამოიყენონ.
მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არც "ქართული ოცნება" უჭერს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს და ამ პროცესის წარმართვა "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ პარლამენტში შესვლის გასამართლებლად სჭირდება.
სააკაშვილის პარტია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივ შეფასებას ითხოვს, ამისთვის 9-კაციან საგამოძიებო კომისიას 3 თვე ექნება.