შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მოძიებას - მხარდაჭერის მისაღებად ოპოზიციაში კონსულტაციები გრძელდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" კომისიის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლას ცდილობს და მაგალითად ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტასაც ასახელებს.
"აქტიურად ვმუშაობთ კოლეგებთან, რომ მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა აღნიშნული კომისიის დაფუძნებაში და შექმნაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადვილი არ იქნება - "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ამ კომისიის ჩამოყალიბებას - ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის წართმევა, მათ შორის, ამასაც უკავშირდება, ჩვენთვის რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.
"გირჩში" არ ფიქრობენ, რომ ამ კომისიის შექმნა აუცილებელია, არც მის მუშაობაში ჩართულობას აპირებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში "ნაციონალური მოძრაობისგან" მსგავს მხარდაჭერას თავადაც მიიღებენ.
"ევროპელი სოციალისტებში" კი მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება სწორი არ არის და ამის გაკეთება არ შეიძლება. დავით ზილფიმიანის მოსაზრებით, ან, ზოგადად, წამების კომისია უნდა შეიქმნეს, ან მარტო ერთი კაცისთვის კომისია არ უნდა შეიქმნას.