16 ნოემბერი 2024,   08:01
ვრცლად
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,"ჩრდილოეთ ნაკადი 2" აღარ იარსებებს, ჩვენს მას დავასრულებთ" - ჯო ბაიდენი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების პირობა დადო და ამერიკასთან მოკავშირეობა დაადასტურა, გერმანიის კანცლერის ვაშინგტონში ვიზიტმა კითხვის ნიშნები მაინც დატოვა. ბუნებრივია, დიდი მოლოდინი იყო იმის გასაგებად, გაწირავდა თუ არა ბერლინი მილსადენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში.

ოლაფ შოლცს პირდაპირი და ღია პასუხი არ გაუცია და პრესკონფერენციაზე არც "ჩრდილოეთ ნაკადი 2" უხსენებია.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირემ - შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ, ტრანსატლანტიკურმა პარტნიორებმა ამერიკასა და ევროპას შორის, უჩვენონ ერთიანობა, ილაპარაკონ ერთ ხმაში და ერთად იმოქმედონ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მკაცრი, ფართომასშტაბიანი სანქციები მოჰყვება. ძალიან მაღალი ფასი იქნება ამ ნაბიჯისთვის რუსეთის მიერ გადასახდელი. როგორც ვთქვი, ვმოქმედებთ ერთად, ვართ აბსოლუტურად ერთიანები და განსხვავებულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ,"-განაცხადა ოლაფ შოლცმა. 

გერმანიის კანცლერისგან განსხვავებით, მკაფიო იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია. უკრაინის შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენი გაზსადენის შეჩერებით დაიმუქრა. 

"თუ რუსეთი შეიჭრება, რაც ნიშნავს ტანკებით და ჯარით კიდევ ერთხელ უკრაინის საზღვრის ისევ გადაკვეთას, ჩრდილოეთ ნაკადი 2 აღარ იარსებებს. ჩვენს მას დავასრულებთ,"- განაცხადა ბაიდენმა. 

"ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა სექტემბერში დამთავრდა, თუმცა ჯერ გაზსადენში ბუნებრივი აირი არ გადის. ამერიკის კონგრესს სურდა, მილსადენის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება, თუმცა, ბაიდენმა, გერმანელებთან ტრამპის დროს გართულებული ურთიერთობები კიდევ რომ არ გაემწვავებინა, მექანიზმის მხოლოდ ნაწილი გამოიყენა. არ დაადო სანქციები მილსადენის ოპერატორ კომპანიას და მის გერმანელ დირექტორ მათიას ვარნიგს. სანქციები დაუწესა მხოლოდ რუსულ გემებს და არა მილსადენთან მომუშავე გერმანულ ხომალდს. ვაშინგტონის ტონი გერმანიის მიმართ ძალიან დამთბარია, რასაც ვერ ვიტყვით NATO-ს ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეზე. დღეს ლატვიის თავდაცვის მინისტრის საჯარო განცხადებებში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად განსხვავებული პოზიციები აქვთ ბერლინსა და რიგაში.

"გერმანია უარს ამბობდა თანხმობაზე, ჩვენს მეზობელ ესტონეთს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მოძველებული ლეტალური იარაღი გადაეცა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი, ასეთი ტიპის იარაღიდან ვისროდი. ამ იარაღის გამოყენება ისევ შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე არა იარაღს, არამედ დამოკიდებულებას ეხება. მე ვაფასებ გერმანიას, რომელიც კონტინენტზე უდიდესი, ცენტრალური ძალაა. როდესაც გერმანიას რამის გაკეთება სურს, ევროპაც აკეთებს. გერმანია ჩვენს გვერდით უნდა იყოს. ბოდიში, თუ პოლიტიკურ კორექტულობას არ ვიჩენ, რადგან ამის დრო არ არის. ჩვენ შესაძლოა საზღვრებთან ომი გვქონდეს. აკეთებ თუ არა ყველაფერს, შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე? ზოგჯერ ამას ვერ ვხედავ ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა,"- აცხადებს ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი. 

გერმანიის კანცლერის თეთრ სახლში მოლაპარაკებების პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი ენერგო საკითხებში კადრი სიმსონი ენტონი ბლინკენთან ევროპის ენერგორესურსებით მომარაგებას განიხილავდნენ, რაც შესაძლოა რუსეთის აგრესიამ შეაფერხოს. ბორელმა თქვა, რომ მთავარი საკითხი დღეს ენერგომოწოდების წყაროების დივერსიფიცირებაა. ევროკავშირის და ამერიკის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების იარაღად და გეოპოლიტიკურ ბერკეტად გამოყენება დაუშვებელია.

დღის ამბები