16 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
ვნახოთ სპექტაკლი როგორი დადგმულია, საერთოდ გასაუქმებელია ეს უწყება... თვითონა არ იციან რატომ ქმნიან ორს ამის სანაცვლო - იაგო ხვიჩა 

ვინ ჩაიბარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილ უწყებებს - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პროცესში ჩაერთვება და საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ კანდიდატებისა და პროცესის  მიმართ ნდობა აქვთ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, "ქართულმა ოცნებამ" ზიანი მიაყენა დამოუკიდებელ ორგანოს.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, არსებობს  იმის მოლოდინი, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ.

"როცა დრო არის ძალიან ცოტა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი არ გვაქვს ამ პროცესში, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტამდე არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ეს კონკურსი არის უკვე ჩრდილ მიყენებული. რასაკვირველია, რომ მონაწილეობას მივიღებთ, დიდი ინტერესით შევხვდები ამ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი მასშტაბის გაბედულება და კომპეტენცია ფიქრობენ რომ მოყვებათ, რომლებიც შეძლებენ ამ ფუნქციების კარგად შესრულებას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრს, ლევან იოსელიანს კანდიდატებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნების გაკეთება უჭირს.

"თუ მექნება ამის საკმარის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები, ვინც იქნებიან წარმოდგენილი, ვერ დაადასტურებენ მიუკერძოებლობას, რა თქმა უნდა, კითხვებსაც დავსვამ და ვიტყვი. მაგრამ, თავის დროზე, როცა ქალბატონი თოლორაია დაინიშნა, მაშინაც მას უწოდებდნენ ქართული ოცნების მსახურს. მერე ეს ყველაფერი ასე არ აღმოჩნდა. ამიტომ, ასე წინასწარ იარლიყების მიკერების წინააღმდეგი ვარ," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ პროცესზე იმედებს არ ამყარებს.

"შეიძლება დავაკვირდეთ და ვნახოთ, სპექტაკლი როგორი დადგმულია, მაგრამ სერიოზულ იმედებს და ჩვენს წვლილს ამ პროცესში ვერ ვხედავ. საერთოდ, გასაუქმებელია ეს უწყება, იმიტომ რომ თვითონაც არ იციან რატომ და ორს ქმნიან ამის სანაცვლოდ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

პრემიერ მინისტრმა პარლამენტს თითო თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარუდგინა. შესაბამისად დეპუტატებმა არჩევანი ლელა ჯანაშვილს, თამარ ალფაიძეს, ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს შორის უნდა გააკეთონ. თავდაპირველად მსჯელობა კომიტეტებზე დაიწყება.

დღის ამბები