უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და მას მძიმე შედეგები ექნება - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ მათი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა.
"ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და აღნიშნული ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები მსგავსია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ანდჯეი დუდამ კი აღნიშნა, რო გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი არ შეაჩერებენ ძალისხმევას მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა," - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა ემანუელ მაკრონმა.
"ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზები და საშუალებები რუსეთთან დიალოგში ჩასართავად," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შოლცმა მაკრონსა და დუდას ბერლინში უმასპინძლა. გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები რუსეთს უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
არსებული კრიზისის ფონზე კი რუსეთი იწყებს მასშტაბურ სახმელეთო და საზღვაო სწავლებას უკრაინის საზღვრებთან ახლოს. დასავლური მედიის ინფორმაციით, სამხედრო მანევრების ჩატარება იგეგმება ხმელთაშუა და შავ ზღვებშიც. წვრთნები მიმდინარეობს რუსეთის სამხრეთში მდებარე 15 პოლიგონზე - მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.