16 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
"ვაშინგტონმა უნდა დააწესოს სანქციები საქართველოში მოსკოვის მიმდინარე ფარული აგრესიისთვის" - რა წერია ატლანტიკური საბჭოს ანგარიში რუსეთზე

ატლანტიკური საბჭოს ანგარიში რუსეთზე - ანგარიშში უკრაინის გარდა ფოკუსირება საქართველოზე და მის უსაფრთხოებაზეც ხდება.

ანგარიში, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა, წარმოადგენს ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციებს, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ატლანტიკის ორივე მხარეს. ის მიუთითებს, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ ამერიკას და მის ნატოელ მოკავშირეებს, რუსეთთან ურთიერთობისთვის და, რა თქმა უნდა, დღეს მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად. ანგარიშში უკრაინის გარდა ფოკუსირება საქართველოზე და მის უსაფრთხოებაზეც ხდება.

"შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს და გააძლიეროს ნატოს თავდაცვითი და შეკავების პოტენციალი. გააძლიეროს უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა, ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩამოაყალიბოს შავი ზღვის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რისთვისაც ამერიკამ უნდა იმუშაოს ნატოსთან, რათა შავ ზღვაში უფრო მტკიცედ იყოს წარმოდგენილი. გააფართოვოს თანამშრომლობა და თავდაცვის მხარდაჭერა ნატოს პარტნიორებთან - უკრაინასთან და საქართველოსთან," - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებით, წითელი ხაზები მკაფიოდ უნდა იყოს გავლებული. დოკუმენტის ავტორები რეკომენდაციას აძლევენ ადმინისტრაციას, დაუწესონ სანქციების რუსეთს, საქართველოში მცოცავი ოკუპაციისთვის.

"ვაშინგტონმა ასევე უნდა დააწესოს სანქციები, საქართველოში მოსკოვის მიმდინარე, ფარული აგრესიისთვის. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის ძალები, ოკუპირებულ საქართველოში თითო ჯერზე რამდენიმე მეტრით სწევენ შიდა სადემარკაციო ხაზს, ოკუპირებულ ადგილსა და დანარჩენ საქართველოს შორის, რათა ოკუპაციის ზონა გაზარდონ. პროპორციული სანქციების დაწესებამ, თითოეული შემოჭრისთვის, შესაძლოა დაარწმუნოს მოსკოვი, რომ ასეთი ხელყოფა ძვირი დაუჯდება," - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს აღწერა, თუ რამდენად შორს გადმოვიდა საოკუპაციო ხაზი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ასევე ნათქვამია, რომ ამ თვალსაზრისით ვაშინგტონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დიპლომატიური მუშაობა უნდა გააძლიეროს.

"ჩვენმა პოლიტიკამ უნდა დააწესოს დამატებითი სანქციები, რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე არა მხოლოდ დონბასში, არამედ საქართველოშიც. რუსეთისთვის, აგრესია, კიდევ უფრო უხალისო უნდა გახდეს. ანგარიშში საუბარია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაზე. რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ყოველწლიური წვრთნების გაერთიანების აუცილებლობაზე. ავტორები ფიქრობენ, რომ ეს კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს ასპირანტ ქვეყნებს გაწევრიანების პერსპექტივასთან," - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

"პუტინი ხვდება, რომ თუ თავისუფლება და დემოკრატია წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, საქართველოსა და ბელორუსში, თუ ისინი ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის წარმატებულ გზას გაივლიან, მხოლოდ დროის ამბავი იქნება, ვიდრე რუსი ხალხი საკუთარი თავისთვის უფრო მეტს მოითხოვს. დღევანდელი კონფლიქტი, რუსეთის შიგნით ძალაუფლებასაც ეხება. პუტინს ხალხის ეშინია. მათ შორის, საკუთარი ხალხის.

სპეციალისტების რეკომენდაციები ასევე არ გამორიცხავს თანამშრომლობას რუსეთთან იმ სფეროებში, სადაც შესაძლებელია. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ თუნდაც პუტინის პრეზიდენტობის პირობებში, შეერთებულ შტატებს და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესები. მათ შორის შეიარაღების კონტროლთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით," - აღნიშნა დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა,  დეიმონ უილსონმა.
 

დღის ამბები