დიპლომატიის დროა - ეს სამი გავლენიანი ევროპული ქვეყნის ლიდერის მთავარი გზავნილია გერმანიიდან. ჯო ბაიდენთან შეხვედრიდან დაბრუნებულმა გერმანიის კანცლერმა, პოლონეთისა და საფრანგეთის პირველ პირებს უმასპინძლა. სამივე ევროპული სახელმწიფოს სათქმელი ერთადერთია, რომ ომი არ უნდა დაიწყოს და დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია. სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე ისმოდა მუქარაც, რომ რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის, თუკი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.
ამ ფონზე, სულ უფრო ძლიერდება დიპლომატიური ფრონტი. ხვალ გერმანიის დედაქალაქში "ნორმანდიული ფორმატის" ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების დონეზე, დიალოგი გაიმართება. ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეხვედრა "ნორმანდიის ოთხეულის" სამიტის ჩატარების თარიღს მოაახლოვებს.
ომის ზღვარზე მყოფი უკრაინა მაღალი რანგის სტუმრებს დღესაც მასპინძლობდა. კიევში ამჯერად ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. შეხვედრა მისმა უკრაინელმა კოლეგამ იმის სათქმელად გამოიყენა, რომ პრობლემა მხოლოდ უკრაინის არა არის და ის მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ისმოდა ბრალდებები რუსეთის მისამართით, რომ კრემლი კვლავ ცდილობს რევანშს, ცივ ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგისთვის. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთი შეთანხმებებს არღვევს, სანქციებით უნდა დაისაჯოს.
რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინის ირგვლივ ვითარების ესკალაციის გამო, ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში გადასვლას განიხილავს. ამერიკის საელჩოს გადაწყვეტილება დიპლომატების გადაადგილების შესახებ, ჯერ არ მიუღია. უკრაინის საკითხი არც რომის პაპს გამორჩენია საზოგადო მიმართვისას. პაპ ფრანცისკემ დაპირისპირებულ მხარეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დაძაბულობა მხოლოდ დიალოგით განიმუხტება.
რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს იწყებს. რუსული სადესანტო ხომალდები მალე შავ ზღვაშიც გამოჩნდებიან. მოსკოვი ასევე გეგმავს ბირთვული წვრთნების ჩატარების დრო თებერვალში გადმოწიოს. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში უკვე 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. სამხედრო წვრთნები იგეგმება რუსეთის სამხრეთში მდებარე 15 პოლიგონზე - მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ ფონზე NATO აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.
გზავნილები კრემლიდან დღესაც ისმოდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უკრაინის მიმართ კრიტიკა, მუქარა და მორიგი ბრალდებები არ დაიშურა.
სამხედრო ესკალაციის საფრთხე უკრაინაში ჯერ კიდევ რეალურია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივა კი ჯერ არსად ჩანს.