სუს-ის უფროსის ადვოკატი, 2 ტელეკომპანიას და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივის. დაცვის მხარემ სარჩელი უკვე შეიტანა. განცხადებას მამუკა ღვინიაშვილი ავრცელებს, სადაც წერია, რომ მედიით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტებისა და მონაწილეების შესახებ.
"ქოლცენტრებთან" შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დასახელდა. ადვოკატი ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას, ფაქტების უარყოფა და მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით, სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება წარმოადგენს. სარჩელის წარდგენის მიზანი კი, ადვოკატის თქმით, არის ის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.
"გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის მამუკა ღვინიაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.
გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.
აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.
განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.
სარჩელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ მომდევნო კვირას, პრეს-კონფერენციის ფორმატში,"- აღნიშნულია განცხადებაში.