16 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
როგორ აღმოჩნდნენ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები იტალიის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე - ონლაინ შეხვედრას ასლან ბჟანია დაესწრო 

როგორ აღმოჩნდნენ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები იტალიის პარლამენტში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე? - "ერების თვითგამორკვევა" - ეს იყო თემა, რომელთან დაკავშირებითაც იტალიის პარლამენტის დეპუტატის ორგანიზებით, ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. მატეო დალ ოსომ ერების თვითგამორკვევაზე სამსჯელოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები მიიწვია. 

მას ონლაინ ერთვებოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მისი თქმით, "ერების თვითგამორკვევა" - ეს თემა აღიარების პოლიტიკის საფუძველი უნდა გახდეს:

"კონფერენციის თემა და ფაქტი, რომ ღონისძიება იტალიის პარლამენტის კედლებში იმართება, აფხაზეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ ფართო საერთაშორისო აღიარება რთული და ხანგრძლივი პროცესია. აფხაზეთი ღიაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც პატივს სცემს ჩვენს პოზიციას. სასიამოვნოა, რომ აფხაზეთი და მისი კულტურა, სულ უფრო მეტი იტალიელისათვის აღმოჩენა ხდება. ურთიერთობები მყარდება აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის,"- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. 

ვიდეოკონფერენციას გამოხმაურებები, როგორც საქართველოში, ასევე იტალიის საკანონმდებლო ორგანოში მოჰყვა.

იტალიის პარლამენტი პასუხისმგებლობას იმ დეპუტატს აკისრებს, რომელმაც კონფერენცია გამართა. განცხადებაში, რომელსაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის პრესსამსახური ავრცელებს, ასევე აღნიშნულია, რომ მატეო დალ ოსოს პოზიცია არ გამოხატავს იტალიის სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში: 

"შევიტყვეთ დეპუტატ დალ ოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო "ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის - აფხაზეთი და დიდი ევროპა". აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალ ოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად,"- აღნიშნულია Forza Italia-ს განცხადებაში. 

დღის ამბები