16 ნოემბერი 2024,   08:07
ვრცლად
ჩვენ არ განვახორციელებთ მინსკის შეთანხმებებს რუსული პირობებით, რუსული ინტერპრეტაციით - დმიტრო კულება

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია, დასავლეთს კი დიპლომატიური ძალისხმევის იმედი აქვს და დეესკალაციიის მოლოდინშია. მაღალი რანგის შეხვედრები დღესაც არის დაგეგმილი და სამშვიდობო პროცესების შესანარჩუნებლად არ წყდება დიპლომატიური ძალისხმევა. დღეს ბერლინში ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების წარმომადგენლები უნდა შეიკრიბონ. მსჯელობა უკრაინის კრიზისს შეეხება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმებას რუსული პირობებით არ შეასრულებს. 

"ჩვენ არ განვახორციელებთ მინსკის შეთანხმებებს რუსული პირობებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინსკის შეთანხმებებს საერთოდ არ შევასრულებთ. არ შევასრულებთ რუსული ინტერპრეტაციით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან პირდაპირი დიალოგით, რასაც რუსეთი დაჟინებით ითხოვს. ეს ჩვენი მთავარი პოზიციაა. ჩვენ უნდა განვბლოკოთ ცალმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მუშაობა, მაგრამ ეს რუსეთის პოლიტიკურ ნებას საჭიროებს. ისინი ამ საკითხზე ხვალ იმუშავებენ. თუ ცალმხრივი საკონტაქტო ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, პირველი, რასაც გააკეთებს, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა იქნება. უსაფრთხოების საკითხების წარმატებით მოგვარების შემთხვევაში, შემდეგი პრიორიტეტი იქნება ჰუმანიტარული საკითხები და ეტაპობრივად შეგვიძლია პოლიტიკურად საკითხებამდე მივიდეთ,“ - ამბობს დმიტრო კულება.

გენერალ-ლეიტენანტი, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის მეთაურის, ალექსანდრ პავლიუკის განცხადებით კი, უკრაინას  ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემების სჭირდება.

"ეს არის ძლიერი საინფორმაციო ომი, რომელშიც რუსეთი ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს, რომ უკრაინას მათი პირობების მიღება აიძულოს. ჩვენ გვჭირდება დახმარება, მნიშვნელოვანი დახმარება არა მხოლოდ რაკეტის სისტემა ან ჯაველინი, არამედ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან რუსეთის მთავარი უპირატესობა ავიაცია და რაკეტებია,“ - აღნიშნა ალექსანდრ პავლიუკი.

 

დღის ამბები