"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ამით "ქართული ოცნება" პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს.
ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
"2022 წლის 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.
საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება.
ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას ოპოზიციის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში საპარლამენტო კონტროლი კრიტიკის საგანს წარმოადგენდა. საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტში ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება მაინც არ აძლევს საშუალებას ოპოზიციურ პარტიებს სრულყოფილი ზედამხედველობა აწარმოონ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი კონტროლის თვალსაზრისით არაეფექტურობით გამოირჩეოდა, მათ შორის პანდემიის მართვის მიმართულებითაც. ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს.
ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის,"- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.