შეიძლებოდა თუ არა სენაკის საკრებულოში სხდომის გამართვა არასაკმარისი დეპუტატებით? - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გუშინ ჩატარებული სხდომა არაკონსტიტუციური იყო. 33 დეპუტატიან საკრებულოში სხდომას მხოლოდ 16 ესწრებოდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სენაკში "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებს პროცესის კომიკურ-კრიმინალურ ჟანრში გადატანაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ამას ოპოზიცური პარტიის წევრები თანამდებობების გადანაწილების სურვილის გამო აკეთებენ:
"ის, რაც სენაკში მოხდა, უკვე ამ ალიანსის კომიკურ-კრიმინალურ ჟანრში გადატანა იყო, კრიმინალური იმიტომ, რომ კანონის დარღვევაა ის, რაც გააკეთეს, კომიკური კი იმიტომ, რომ მართლაც შეუძლებელია მათემატიკა ასეთ დონეზე არ იცოდე და თქვა, რომ 16 კაცს 33 წევრიან საკრებულოში სხდომის ჩატარება შეუძლია. პარლამენტში კენჭისყრა რომ იწყება, დღეში შესაძლოა 5-ჯერაც კი ჩატარდეს რეგისტრაცია იმისათვის, ნამდვილად არის თუ არა ლეგიტიმური ის კანონები, რომლებსაც ვიღებთ. გამოამჟღავნეს დაუოკებელი სწრაფვა, რომ რაღაცნაირად ეს ალიანსი კიდევ უფრო განამტკიცონ და რაღაც თანამდებობები გადაინაწილონ," - აცხადებს სოზარ სუბარი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით კი "როგორც აღმოჩნდა გამრავლების ტაბულაში, სენაკის საკრებულოს 16-ვე წევრს ორიანი ყავს".
გუშინ, სენაკის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის მიუხედავად მაინც ჩატარდა. რეგლამენტით კი, ეს მიღებული არ არის, ვინაიდან თვითმმართველ ორგანოში, დეპუტატთა მინიმუმ 50% არ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ სხდომას სენაკის "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დასწრებიან.