16 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"​მე საკუთარ ჩართულობას ამ პროცესში ვხედავ ჩემი მანდატიდან გამომდინარე" - ომბუდსმენი პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით შეხვედრებს აგრძელებს. დღეს სალომე ზურაბიშვილი ქალ პოლიტიკოსებს სამუშაო ფორმატში ხვდება.

შეხვედრაზე მივიდა სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავისი მანდატიდან გამომდინარე, ამ პროცესში საკუთარ ჩართულობას ხედავს. 

"დღეს მე მოვედი, რომ ვნახო რა არის პრეზიდენტის ხედვა, გზავნილი ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩემი პოზიციაც ვთქვა. ყოველ შემთხვევაში, მე საკუთარ ჩართულობას ამ პროცესში ვხედავ, ჩემი მანდატიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ პროცესი იქნება მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარებისკენ და გამოსავლის ძიებისკენ," - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრაზე მივიდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც. 

"ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ როგორც ქვეყანა - გვაქვს პრობლემები დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მართლმსაჯულების სისტემაში არის ბევრი პრობლემა, ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზეპარტიულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, გამოვლენ კონკრეტული მნიშვნელოვანი ინიციატივებით, რომელიც დღევანდელ პრობლემებს მოაგვარებენ, ან, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა იქნება," - აცხადებს ეკა გიგაური. 

დღის ამბები