16 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი იტალიის პარლამენტში გამართულ ონლაინკონფერენციაზე და რა გამოხმაურება მოჰყვა ფაქტს საქართველოში

მატეო დალოსო - იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი, პოლიტიკური ჯგუფი "ფორცა იტალია" - ამჯერად ეს დეპუტატი ყურადღების ცენტრში სკანდალური ინიციატივის გამო მოექცა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთს და შესაბამისად, საქართველოს უკავშირდება. მან იტალიის პარლამენტის მედია ცენტრში გამართა პრესკონფერენცია სახელწოდებით - "ხალხთა თვითგამორკვევის უფლება - აფხაზეთი და დიდი ევროპა", აქვე მოიწვია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელიც კონფერენციას ონლაინრეჟიმში დაესწრო და შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს იტალია ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს მაღალ დონეზე განიხილავს.

პრესკონფერენცია და განცხადებები, თითქოსდა ურთიერთობები მყარი და მასშტაბურია, მალევე განსხვავებულად დაასათაურეს იტალიის საკანონმდებლო ორგანოში - ერთი ცალკეული დეპუტატის ინიციატივა, რომელიც არც "ფორცა იტალიას" პოლიტიკური ჯგუფის და არც ზოგადად ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა - ამ შინაარსის ოფიციალური წერილები გაავრცელა, როგორც პარტიის პრესცენტრმა, ასევე საგარეო მიმართულების ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ვალენტინო ვალენტინიმ.

"კურიერისთვის" გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში სწორედ ამ განცხადებებს ეყრდნობა საქართველოში იტალიის ელჩიც, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. იტალიელი პოლიტიკოსების მსგავსად აფხაზეთის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციას ცალკეული დეპუტატის თვითშემოქმედებად განიხილავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან ხაზს უსვამე, რომ მატეო დალოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით და ის რეჟიმის წარმომადგენელეთა პროვოკაციულ ქმედებებში აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა.

იტალიელი დეპუტატის მცდელობებს ერთეულ თვითშემოქმედებად განიხილავენ ოპოზიციაშიც, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ მსგავსი პრეცედენტების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

​იტალიელი დეპუტატის ინიციატივას გამოხტომა და აბსურდი უწოდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა, რომლებიც მომხდარს დიდი ბრიტანეთიდან გამოეხმაურნენ.

იტალიის პარლამენტი არ ყოფილა ერთადერთი სივრცე, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი აღიარების საკითხის გააქტიურებას შეეცადა. ეწ.-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტს მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სახელზე მომზადებული წერილი გადასცა, სადაც ის აფხაზეთისთვის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსს მოითხოვს. ოფიციალური თბილისი სხვების მსგავსად ამ ინიციატივასაც პროპაგანდისტულ ნაბიჯად განიხილავს, რომელსაც აღსრულება არ უწერია.

დღის ამბები