საქართველოს პრეზიდენტის მორიგი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ერთობლივი დოკუმენტის შექმნას სთავაზობს და ის ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის აპარატმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში ჩაიწერება ყველა ის პუნქტი, რომელზეც მხარეები თანხმდებიან.
"მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა,"- წერს პრეზიდენტი.
ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გუშინ შედგა. სამ საათიან შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.