16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას - პარლამენტში ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ

ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას - დეპუტატები ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ. კანდიდატებთან გასაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე დილიდან მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესს უნდობლობას უცხადებენ. 

"ამ გასაუბრების პროცესს ძალიან დიდი შავი ლაქა მოჰყვება ჯერ კიდევ დეკემბრიდან. ეს არის გაცხადებული ნება, რომ სახელმწიფო სისტემაში არ არსებობდეს რაიმე ტიპის თანამდებობა ან ინსტიტუტი, რომელიც გარკვეული თავისუფლებით და ავტონომიით მაინც იქნება შემოფარგლული. არავის აქვს ილუზია, რომ "ქართული ოცნება" ამ თანამდებობაზე შეარჩევს ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ,"-აცხადებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც, თუმცა მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის პროცესში ჩართვა აუცილებელია. 

"ნდობა არის ძალიან დაბალი და ამას მოწმობს მონაწილეთა რაოდენობა ამ პროცესში. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვის პროცესში და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილოს, რა ტიპის კანდიდატებია და რა ტიპის პროცესს აწარმოებს "ქართული ოცნება,"- აცხადებს სამნიძე.

მმართველ გუნდში ოპონენტების უნდობლობას უსაფუძვლოს უწოდებენ. 

"ერთია კრიტიკა და ის, რომ ვინმეს ვინმე არ მოსწონს და მეორეა არგუმენტი, ფაქტი, მტკიცებულება, რის საფუძველზე აცხადებენ უნდობლობას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი კანდიდატები კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების ნაწილში აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც მიზანშეწონილი იყო მოგვესმინა კომიტეტზე. დაველოდებით კომიტეტის სხდომას, მივიღებთ მონაწილეობას და ამის შემდეგ მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას, ვის დაუჭიროს მხარი,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი. 

დღის ამბები