მიანიჭა თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინულმა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი - ადვოკატების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი დაზარალებულად სცნეს და იგივე უნდა გააკეთოს ქართულმა საგამოძიებო უწყებამაც.
საქმე ეხება რუსთავიდან გლდანის ციხეში ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებს. ამ ეპიზოდში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესწავლა უკრაინის პროკურატურისგან ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა მოითხოვა, სამართალწარმოების თაობაზე დადგენილება კი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
"კურიერმა" გამოქვეყნებული დოკუმენტის განმარტება უკრაინელ იურისტს სთხოვა. იურისტი აცხადებს, რომ უკრაინის კანონმდებლობით, პირი, რომელიც უწყებას მიმართავს განცხადებით და ითხოვს გამოძიების დაწყებას, მას ავტომატურად ენიჭება დაზარალებულის სტატუსი. ასე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიც, რომელსაც არა პროცესუალურად, არამედ ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.
"უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის საპროცედურო ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც მიმართავს სისხლის სამართლის დარღვევაზე, ამის შემდეგ ის ავტომატურად მიიჩნევა დაზარალებულად. გამოძიებას ატარებს სახელმწიფო გამოძიების ბიურო. როგორც ვიცი, ამ განცხადებით უწყებას კლიენტის ადვოკატმა მიმართა, რაც მისივე ადვოკატის ინტერესში შედის. ეს ფაქტობრივი საქმეა, რაც გამოძიებული იქნება. საუბარი იმაზე, მიანიჭეს თუ არა სტატუსი, არასწორია, მიმართვის შემდეგ მან ეს სტატუსი ავტომატურად მიიღო. პირი დაზარალებულად მიიჩნევა განცხადების შეტანის საფუძველზე," - განაცხადა იურისტმა ნატალია ბასარაბიმ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინული პროკურატურის განცხადებას დილიდან აფასებენ პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციაა.
"ამ შემთხვევაშიც საქმე ჩვეულებრივ მანიპულაციასთან გვაქვს. ახლა უკვე უკრაინის კანონმდებლობის "ნაციონალური მოძრაობისეული" ინტერპრეტაციაა ეს. დაზარალებულის სტატუსი მას არ აქვს მინიჭებული," - აღნიშნა ქადაგიშვილმა.