უკრაინის პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გაავრცელეს. მათი მტკიცებით, ეს სტატუსი სააკაშვილს კიევში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიენიჭა, რომელიც იმის გარკვევას ცდილობს, დაირღვა თუ არა საქართველოს ციხეში ყოფილი პრეზიდენტის უფლებები. ირკვევა, რომ ამ საკითხზე ძიება სააკაშვილმა ქართული ციხიდან გაგზავნილი განცხადებით მოითხოვა, რომელიც პროკურატურაში მისმა უკრაინელმა ადვოკატმა ჩაიტანა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გაავრცელა დოკუმენტიც, რომელიც საგამოძიებო უწყებიდან მიიღო. მასში არსებული სამართლებრივი ნორმების განმარტება "კურიერმა" უკრაინელ იურისტს სთხოვა.
ავტომატური თუ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მინიჭებული სტატუსი - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას საფუძვლად თბილისიდან გაგზავნილი კონკრეტული მტკიცებულებები დაედო.
"ნაციონალური მოძრაობის" ინტერპრეტაციად აფასებენ მმართველ გუნდში განცხადებას, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, უკრაინის პროკურატურას შესაბამისი დადგენილება არ გაუცია.
გამოძიება, რომელიც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საწყის ეტაპზეა. ექსპრეზიდენტი ითხოვს, რომ ის ქართულ ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარონ. საუბარია გასული წლის 7 ნოემბერს რუსთავიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც სააკაშვილი მოთხოვნილი სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.