საქართველოში საპენსიო სესხზე პროცენტი მცირდება. წლებია 60 წელს გადაცილებული ადამიანები საქართველოში სესხს ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით იღებენ.
ქვეყანას დაახლოებით 800 ათასი პენსიონერი ჰყავს, რომელთა თითქმის ნახევარი სესხით სარგებლობს.
პრობლემა რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის წლებია მძიმედ დგას, ამაზე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება. საკითხზე, თუ როგორ მოხერხდებოდა ამ პრობლემის შემსუბუქება და პენსიონერების სესხის პროცენტის შემცირება, უწყებათაშორისი კომისია დღეს შეთანხმდა.
კომისიის სხდომას დღეს უკვე ეკონომიკის მინისტრის რანგში ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. ვიცე-პრემიერი შედეგით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ კონკურენციის შედეგად სესხის პროცენტის ზღვარი 26%-დან კიდევ შემცირდება.
რამდენად მისაღები და საინტერესოა კომერციული ბანკებისთვის ახალი წესები - მკაფიო პოზიციებს ისინი სატენდერო პირობების სრულად წარმოდგენის შემდეგ წარმოადგენენ. ჩაერთვება თუ არა ტენდერში, გადაწყვეტილი ჯერ, მათ შორის არც "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელს აქვს.
ტენდერში ჩართვის გადაწყვეტილების მისაღებად ბანკებს 2-3 კვირიანი დრო აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, დაინტერესებას მინიმუმ სამი მსხვილი ბანკი გამოთქვამს. გამარჯვებული პენსიების და სესხების ახალი პირობებით გაცემას 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს.