დავა სენაკის საკრებულოზე დღესაც გრძელდება. მმართველი პარტია და ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდებიან ფორმულაზე: რამდენ კაცს შეუძლია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღება.
"ქართული ოცნება" არ იზიარებს ოპოზიციის გუშინდელ არგუმენტებს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კვირით გადატანილ სხდომას ახალი ქვორუმი არ სჭირდება.
ოპოზიციის არგუმენტი, რომ კონკრეტულ შეკრებას ქვორუმი არ სჭირდებოდა, რადგან ის 2 თვით ადრე დაწყებული სხდომის გაგრძელება იყო, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი საფუძველია ოპონენტების არითმეტიკულ უნარებსა თუ პოლიტიკურ გათვლებზე ისაუბროს.
თავმჯდომარისა და მოადგილის ასარჩევად რომ მხოლოდ მათივე 2 ხმა საკმარისი ვერ იქნება, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ, თუმცა განმარტავენ, რომ უმრავლესობის პრობლემა არ აქვთ, მით უმეტეს ახლა, როდესაც ოპოზიციონერი მე-17 წევრი მათ მიერ უფლებამოსილადაა ცნობილი.
გიორგი გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ შემდეგ სხდომაზე შესაძლოა თავმჯდომარეც აირჩიონ, მათ შორის მზად არიან მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" კანდიდატს.
შეთავაზებას "ქართული ოცნება" არ იღებს. განმარტავენ, რომ ამის განმსაზღვრელი მათთვის გიორგი გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსია.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ სენაკის საკრებულოში ოპოზიციური ძალების თანამშრომლობით მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდება.
როგორ განვითარდება მოვლენები სენაკის საკრებულოში, ეს მომდევნო დღეებში გაირკვევა. თავმჯდომარის პოსტი წარმომადგენლობით ორგანოში ჯერ კიდევ ვაკანტურია.