ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. შალვა ლომიძემ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს, რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და ამის საპასუხო ნაბიჯები.
ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მოხსენების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამსახური ეფექტიანად ახდენდა უსაფრთხოების გარემოს სკანირებას, საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის სხვა მომხმარებელი სუბიექტების შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტით უზრუნველყოფას.
როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით აუცილებელია სამსახურს ჰქონდეს სტაბილურად მზარდი დაფინანსება და პარლამენტის მხრიდან უწყებას ამ მხრივ აქვს და ყოველთვის ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები, ნდობის ჯგუფს არაუგვიანეს 15 აპრილისა, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას წარუდგენენ. 2022 წელს, ნდობის ჯგუფში პირველი სხდომა 24 იანვარს გაიმართა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.