16 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ჯაფარიძე, ხოშტარია, ნათელაშვილი - სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას უმრავლესობა ორშაბათს მიიღებს

ჯაფარიძე, ხოშტარია, ნათელაშვილი - შეუწყდებათ თუ არა დეპუტატებს უფლებამოსილება, ამას პარლამენტი მომდევნო კვირას გადაწყვეტის. საკომიტეტო დასკვნა პლენარულ სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში მიზეზი რეგლამენტია, რომელიც სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს, ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე გადაწყდება სამივე დეპუტატის ბედი. 

"მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ორშაბათს გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, სადაც მიიღება გადაწყვეტილება სამივე საკითხთან დაკავშირებით. სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება უმრავლესობის სხდომაზე და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ჩვენს გადაწყვეტილებას," - განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სამართლიანი და არგუმენტირებული იქნება. 

"წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ ივარგებს. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით მსჯელობა ამ საკითხების შესახებ, თუმცა არც ერთ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ  არ იქნება არც სიურპრიზი, არც მოულოდნელი და მით  უმეტეს, ეს არ იქნება გასაკრიტიკებელი. პირდაპირ ვიძახი, რომ ეს არის აბსოლუტურად არგუმენტირებული და  საფუძვლიანი გადაწყვეტილება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები