ჯაფარიძე, ხოშტარია, ნათელაშვილი - შეუწყდებათ თუ არა დეპუტატებს უფლებამოსილება, ამას პარლამენტი მომდევნო კვირას გადაწყვეტს, თუმცა ოპოზიცია მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ დეპუტატების პარლამენტიდან გაშვებას მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიას საქართველში.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აურჩევია დეპუტატები, შესაბამისად ისინი ვერ გაუშვებენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს პარლამენტიდან.
"ქართული ოცნებას" არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. ირაკლი კობახიძეს და სხვა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს არ აურჩევიათ შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრად. თუკი "ქართული ოცნება" მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ შეუჩერებს უფლებამოსილებას, ეს იქნება მორიგი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი და შეგვიძლია გავაფორმოთ, როგორც პოლიტიკური დევნის მორიგი მცდელობა," - აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პარლამენტიდან დეპუტატების გაშვებას მხარს არ დაუჭერს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს აქვს პოლიტიკური სიები ჩახსნილი, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მანდატების შეჩერება, იქნება აუთვისებელი მანდატები, ანუ ნაცვლად 150 დეპუტატისა იქნება 145 დეპუტატი პარლამენტში. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიას ქვეყანაში და იმ შესაძლებლობებს, რაც ოპოზიციას აქვს იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც რეალურად ძალას წარმოადგენს ამ რეგლამენტის შემთხვევაში. შესაბამისად, არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტიდან გაშვებას ხმას, რა თქმა უნდა არ ვაძლევთ,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.