პანიკა არის ყველაზე კარგი საჩუქარი მტრისთვის - ეს არის უკრაინის პრემიერ-მინისტრის სიტყვები მისი ბოლო მიმართვიდან, რომელიც საზოგადოების დამშვიდების კიდევ ერთი მცდელობა იყო. მოწოდება, რომ ხალხი პანიკას არ აჰყვეს, არ ნიშნავს, რომ რისკი და საფრთხეები არ არსებობს. ყველა თანხმდება, რომ ქვეყანა რუსეთის აგრესიის გამო ომის ზღვარზეა, თუმცა, უკრაინის პოლიტიკური ლიდერები ირწმუნებიან, რომ დღეს მათი სამხედრო შესაძლებლობები არ არის იგივე, რაც, მაგალითად, 2014 წელს იყო და შესაბამისად, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იოლი გასეირნება არ ექნება.
სამხედროებიც და სამოქალაქო პირებიც აპირებენ, რომ საომარი სცენარის შემთხვევაში იბრძოლონ. ამ ეტაპზე, ვიდრე ჯერ კიდევ არის დიპლომატიის დრო. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პანიკის და დეზინფორმაციის პრევენციაა, თუმცა, ტემპერატურა მაინც მატულობს და სწორედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამას სამი მთავარი წინაპირობა ჰქონდა - ერთი, ეს იყო აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში უახლოეს დღეებში შეიჭრას და ოლიმპიური თამაშების დასრულებასაც არ დაელოდოს. ამას მყისიერად დაემატა მეორე ფაქტორი - აშშ-მა, ბრიტანეთმა და კიდევ არაერთმა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც თავის რეზიდენტებს მოუწოდებენ უკრაინა დაუყოვნებლივ დატოვონ ყოველდღიურად იზრდება, რაც თავისთავად საფრთხეებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიგნალია; და მესამე - ნეგატიური ფაქტორი, ეს არის იმედგაცრუება ამ დრომდე გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო.
მაღალი დონის შეხვედრებმა, მათ შორის ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში, ასევე, პუტინთან დასავლელი ლიდერების პირისპირ თუ სატელეფონო საუბრებმა, მათ შორის, გუშინდელმა ბაიდენის ზარმა ჯერჯერობით კონკრეტული სამშვიდობო გადაწყვეტილების წინაპირობა ვერ შექმნა. საჯარო განცხადებებში კრემლის პოზიცია უცვლელია - ისინი ამტკიცებენ, რომ თავს არავის არ ესხმიან და პირიქით, საფრთხე და პროვოკაციები მოსალოდნელია პარტნიორებისგან მხარდაჭერილი უკრაინისგან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ლავროვი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ამბობდა, რომ რუსეთის დიპლომატიის არავის ესმის და მათთან დიალოგი ჰგავს მუნჯის საუბარს ყრუსთან.