დღეს პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატებს გაესაუბრებიან. ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს დეპუტატები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმენენ.
ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ პროცესი ფარსია და არც ამჯერად აპირებს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერას.
"ჩანიშნულია საგამოძიებო ნაწილში კანდიდატების მოსმენა და, დარწმუნებული ვარ, აქაც გვექნება ძალიან მძიმე ვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნების" მთავარი მიზანია, არ არსებობდეს დამოუკიდებელი უწყება და ორ გაყოფილ უწყებას ხელმძღვანელობდნენ მათ მიერ კონტროლირებადი ადამიანები, კანდიდატებიც ამას მოწმობენ,"- აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კანდიდატები "ქართული ოცნების" მორჩილები არიან და ამას მათი ბიოგრაფიაც მოწმობს.
"ძალიან მარტივადაა საქმე - წარმოდგენილია ორი ადამიანი, რომელიც არის პროკურატურის ყურმოჭრილი მორჩილი, რომლებიც შეასრულებენ ნებისმიერ დავალებას, რასაც უკარნახებს პარტია, ანუ "ქართული ოცნება" და თუ გადავხედავთ მათ ბიოგრაფიას, ჩვენ ვნახავთ, თუ რა პროცესებში გამოიჩინეს თავი,"-აცხადებს გოცირიძე.