როგორი იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება სამი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით - ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების გაუქმებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ ყველანაირი შანსი მისცეს ოპოზიციას გამოსულიყო რადიკალური დღის წესრიგიდან. საკითხზე კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
"შედგება უმრავლესობის სხდომა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე მანდატთან დაკავშირებით. საპარლამენტო დღის წესრიგი განიხილება და აქ შედის მანდატების საკითხი, ცესკოს არჩევის საკითხი, ინსპექტორების არჩევის საკითხი და, დამატებით, არის კონკრეტული კანონპროექტები, რომლებიც არის დღის წესრიგში წარმოდგენილი, ყველა ამ თემას განვიხილავთ უმრავლესობის სხდომაზე,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია შეთქმულების თეორიებს თხზავს მაშინ, როდესაც, რეალურად, დეპუტატების ნაწილს შეეძლო ამ პრობლემის თავიდან არიდება.
"შეთქმულების თეორია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, ხელისუფლებისთვის რაიმე საჭიროება გახდა ამ საკითხის დაძვრისა, ეს ასე არ არის. რეალურად, რეგლამენტი განსაზღვრულია, თუ არ უნდოდა ვინმეს ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო, განსაკუთრებით იმათ ვგულისხმობ, ვისაც გაცდენების გამო უწევს ასეთ შედეგთან დაპირისპირება, მათ შეეძლოთ ეს ყველაფერი თავიდან აერიდებინათ,"-აცხადებს სარჯველაძე.