16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის პროცესს ოპოზიცია პოლიტიკურ დევნას უწოდებს

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის პროცესი პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღაა და პროცესს კონსტიტუციასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა; ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, მათ მიერ სხდომებზე არ დასწრება, რომელიც რეგლამენტის მიხედვით დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

"ამ ყველაფრის შინაარსი არის ერთი - ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა და თუკი ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდება მანდატი და "ქართული ოცნება" გადადგამს კიდევ ერთ უგუნურ ნაბიჯს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, დასტური ყველასთვის, როგორც ოპოზიციაში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გაგრძელდა ბრძოლა, ამჯერად პოლიტიკური შინაარსით,"-აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ მანდატების დაკარგვა ოპოზიციას საპარლამენტო ფუნქციების გამოყენების საშუალებას არ მისცემს, რაც პარლამნეტში დემოკრატიულ პროცესებს შეასუსტებს. 

"იმ შემთხვევაში, თუ მანდატებს შეუჩერებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რეალურად, 145 დეპუტატი რჩება პარლამენტში რაც, ერთის მხრივ, ასუსტებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტს შიგნით და, მეორეს მხრივ, ოპოზიციას ართმევს შესაძლებლობას რეგლამენტით დაკისრებული საპარლამენტო ფუნქციების გამოყენების. ჩვენ არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეჩერებას ხმას არ მივცემთ,"-აცხადებს თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები