უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინაში იწვევს. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბაიდენის კიევში ჩასვლა ხელს შეუწყობს დეესკალაციას.
ჯერჯერობით, უცნობია ჯო ბაიდენის პოზიცია, თუმცა ცნობილია, რომ დღეს უკრაინას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამუშაო ვიზიტით ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდება.
მან გამომგზავრებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, იმოქმედოს გონივრულად.
"აუცილებელია ნათლად ვთქვათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, გამოიწვევს მკაცრ პასუხებსა და სანქციებს, რომელიც ჩვენ ყურადღებით მოვამზადეთ და შეგვიძლია დაუყოვნებლივ მივიღოთ ევროპასა და NATO-ში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. უკრაინას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ გამოვავლენთ მისთვის საჭირო სოლიდარობას ისევე, როგორც ეს წარსულში გავაკეთეთ. გერმანია სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი ქვეყანაა ფინანსური დახმარების მხრივ, რომელიც ჩვენ უკრაინის ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის გამოვყავით. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ და შევიტანთ ჩვენს წვლილს,"-განაცხადა კანცლერმა.
უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც:
"ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში ომის საშიშროების შუაგულში ვართ და ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარების განლაგების არასწორად გაგება შეუძლებელია - ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს აქვს უფლება, იცხოვროს შიშისა და საფრთხის მუქარის გარეშე, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, გაანადგუროს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენ ვუპასუხებთ ყველას, ვინც ამას შეეცდება. ვაფრთხილებ პრეზიდენტ პუტინს, არასაკმარისად ნუ შეაფასებთ დემოკრატიის ძალას, მივმართავ პუტინს, უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი მოუშვით, ჩვენთან ერთად ეძებეთ მშვიდობის შენარჩუნების გზა,"-განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
ამასთან, რუსეთი კატეგორიულ უარს აცხადებს უკრაინის მოთხოვნაზე, მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებლი უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან. უკრაინა მოუწოდებს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გაიმართოს საგანგებო შეხვედრა, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის რადა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და ყველა მნიშვნელოვან საკითხს საგანგებო სხდომებზე განიხილავენ.