16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
რას სთავაზობს დასაქმების ახალი პროგრამა სოციალურად დაუცველებს და რამდენი სამუშაო ადგილია ამ ეტაპზე მობილიზებული - მინისტრების განმარტება

პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი 200 000 მოქალაქის დასაქმება იწყება. საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

ახალ პროგრამაში ჩართვა 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს შეეძლებათ.

დღეის მდგომარეობით, 50 000 სამუშაო ადგილია მობილიზებული. პროცესში ჩართულია, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის უწყება.

მინისტრების თქმით, თუ სოციალურად დაუცველები შეთავაზებას დათანხმდებიან, მათ ასევე შეუნარჩუნდებათ სოცდაუცველების დახმარება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტიანად. ასე რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული, უკვე არის ათობით ათასი სამუშაო იდენტიფიცირებული. თითოეულ დასაქმებულს ის სოციალური პაკეტი, რომელიც დღეს გააჩნია, არ უჩერდება, პირიქით, ისინი დამატებით საზოგადოებრივ სამუშაოებში ერთვებიან და განსაზღვრულია ხელფასით, ერთ დასაქმებულზე თვის განმავლობაში ეს დამატებითი შემოსავალი განისაზღვრა 300 ლარით," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

"დაახლოებით ამ 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან, ვფიქრობთ, სულ მცირე 200 ათასი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველია და სწორედ მათზეა გათვლილი ეს პროგრამა. თუ არიან სადმე სხვაგან დასაქმებული, გააკეთონ ამის ლეგალიზება და იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ სხვაგან არიან დასაქმებული და არ სურთ ჩვენს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვა, მაშინ ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისინი და თავის ოჯახის წევრები არ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.

იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ ჩვენს შეთავაზებას, ეს გულისხმობს - გამწვანების სამუშაოებს, დასუფთავების სამუშაოებს, სხვადასხვა სამღებრო სამუშაოებს, ძველი შენობების დემონტაჟის სამუშაოებს," - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები