ხმაური ზუგდიდის საკრებულოში. დეპუტატები თავმჯდომარის არჩევას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან. კენჭისყრის პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. თვითმმართველ ორგანოში "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, თუმცა გადამწყვეტ ხმებს გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ფლობს. "ნაციონალური მოძრაობა", შედეგის მისაღებად, გახარიას პარტიასთან თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას. ოპოზიცია ამბობს, რომ გახარიას გუნდის კანდიდატის მხარდაჭერისთვისაც არიან მზად.
"ეს დადგმული სპექტაკლები არაა საჭირო ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება და როგორც ხდება, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაგალითზე. ესაა პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც თქვენ ამომრჩეველს შესთავაზეთ," - მიმართა საკრებულოს ოპოზიციას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ოთარ ქადარიამ.
გახარიას გუნდის წარმომადგენლის თქმით, ამ განცხადებით ოთარ ქადარიამ სახე დაკარგა და მისი განცხადებები არანაირ პოლიტიკურ კულტურაში არ ჯდება.
გახარიას პარტიის წარმომადგენლისადმი მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიისთვის დაუშვებელია ითანამშრომლოს იმ გუნდთან, რომლის ლიდერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა, მათ შორის მისი თქმით, გიორგი გახარიას უკავშირდება მისი დედის გარდაცვალებაც.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე ამბობს, გადაწყვეტილება, რომ გახარიას პარტიასთან ეთანამშრომლათ ადვილი მისაღები არ იყო და კითხვები ყოფილ პრემიერთან ისევ რჩება, თუმცა იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეძლოს მუშაობა ამისთვის გარკვეული შეთანხმება მისაღებია.
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას თქმით, ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის თანამშრომლობა ქორწინების გაგრძელებას ჰგავს.