16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორივე კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურების მოსმენა დასრულდა. კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.

ახლა საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. ოპოზიცია პროცესს ისევ ეწინააღმდეგება და ამ პოზიციას საბოლოო კენჭისყრის დროს დააფიქსირებს.

"მე ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ჩემი აზრით, ეს არის ბატონი კაციტაძე. რა შეიძლება ახალი გითხრათ, არაფერი განსაკუთრებული, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არცერთი კანდიდატის სამწუხაროდ არ იქნება ისეთი, რომელიც სჭირდება ამ ახალ ორგანოს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის არგუმენტები საკითხთან დაკავშირებით, მისთვის გაუგებარია.

"მე ვერ მოვისმინე ობიექტური კრიტერიუმი, თუ რაზე დაყრდნობით არ დაუჭირეს მხარი ამ კანდიდატებს. ზოგადი ფრაზები, რომ თურმე არ მოეწონათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, ეს არ არის არგუმენტი, თუ რატომ არ უჭერენ მხარს ამ 2 კანდიდატურას," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა.

დღის ამბები