ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტში იბარებს. ლევან ხაბეიშვილი გრიგოლ ლილუაშვილს თაღლითურ სქემასთან კავშირში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაღალჩინოსანი საერთაშორისო გამოძიების საგანიც არის.
"რამდენიმე დღის წინ მან მე და 2 ტელეკომპანიას უჩივლა სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომელიც უკავშირდება თაღლითურ, ინტერნაციონალურ დანაშაულს. ჩვენ დღეს ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში. მობრძანდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე და კონკრეტულ კითხვებზე გაგვცეს პასუხები," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცილისწამებისთვის სუსის უფროსმა სამართლებრივი დავა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გრიგოლ ლილუაშვილმა ლევან ხაბეიშვილის და რამდენიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპასუხო კომენტარი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც გააკეთა.
"ამაზე დაიწყეს საუბარი კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, იმასთან დაკავშირებით, რომ არის ეჭვები, რომელთაც მივყავართ "ნაცმოძრაობის" კონკრეტულ წარმომადგენლებამდე, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებული არიან "ნაცმოძრაობის" საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ამაზე პასუხი ოპოზიციის მხრივა არის ის, რომ უნდათ აქცენტების გადატანა "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული პირიდან სხვა პირებზე, რაც არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია.
გამოძიება უნდა დაიწყოს და ალბათ დაწყებულიც არის და მე მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც უკავშირდება პირდაპირ "ნაცმოძრაობასთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, რომელიც გასულ წელს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით გახსნა. დააკავეს შვიდი პირი. გამოძიების ცნობით, დამნაშავეები უკავშირდებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს, და კრიპტოვალუტით ვაჭრობის ყალბი სქემებით მათ სოლიდურ თანხებს სძალავდნენ. მიტაცებულია მილიონობით ევრო.