რა დასკვნებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები და რას უნდა ველოდოთ "ომიკრონის" ტალღისგან - სპეციალისტები თვლიან, რომ თებერვალი საკმაოდ საყურადღებო პერიოდად რჩება და იმედოვნებენ, რომ ინფიცირებულთა კლება გაზაფხულიდან დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, დაკვირვების შედეგად აშკარაა, თუ რა კატეგორიის მოქალაქეები მძიმდებიან და იღუპებიან უმეტესად - ესენი არავაქცინირებული, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან. შესაბამისად მედიკოსები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ განსაკუთრებით რისკჯგუფში შემავალ პირებს - რაც შეიძლება მალე მიმართონ სამედიცინო პუნქტებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია.
ჯანდაცვის ექსპერტის, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტები იზოლაციის წესებს არღვევენ, რაც პანდემიის მიმდინარეობას კიდევ უფრო ართულებს.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე კი მოსახლეობას ახსენებს რომ ქვეყანა კვლავ პიკის პერიოდშია, განსაკუთრებული გართულებების თავიდან ასარიდებლად კი "ბუსტერ" დოზის გაკეთებაა საჭირო.