ხოშტარია, ნათელაშვილი და ჯაფარიძე კოლეგების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მანდატების გაუქმების საკითხი სესიაზე გადის.
კანონმდებლებმა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრებიც უნდა აირჩიონ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ორი ახალი უწყების ხელმძღვანელები დანიშნონ.
ჯერჯერობით დეპუტატებს მანდატების შეწყვეტის თაობაზე მსჯელობა არ დაუწყიათ. ისინი თითქმის ერთ საათზე მეტია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
"ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ყველა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც თქვენს წინააღმდეგ არის მომართული, მხოლოდ საკუთარ სისუსტეს და შინაგან უნდობლობას აჩვენებთ,"- მიმართა უმრავლესობას ხატია დეკანოიძემ.
მმართველი გუნდის წევრებმა კი, სხდომაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მანდატების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათი ბრალია.
"სიები თქვენ გაანულეთ, სხდომები თქვენ გააუქმეთ, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თქვენ დაწერეთ, ამიტომ თავიდან ბოლომდე მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ნაცვლად 66 დეპუტატისა, დღეს პარლამენტში ოპოზიცია 64 დეპუტატით არის წარმოდგენილი და დღევანდელი სხდომის შემდეგ, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს 61 დეპუტატით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.