ხოშტარია, ნათელაშვილი და ჯაფარიძე კოლეგების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, მანდატების გაუქმების საკითხი სესიაზე გადის. დეპუტატები ამ ეტაპზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
"გართულდა ცხოვრება და ამ ბოროტებამაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების არის "ფეიკი", "ფეიკნიუსი", "ფეიკ-ინდუსტრია", რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც "ფეიკს" გააჩნია.
მე გაგახსენებთ, ერთ ვიდეოს, რომელიც ექსპრეზიდენტმა ჩაწერა არაჟნებში მოკალათებულმა. ვიდეოში სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავებს დააბრალა თავისივე დადგმული სცენარით საქართველოში შემოპარვა,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
მმართველი გუნდის დეპუტატის ამ განცხადებას, "ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ უპასუხა:
„ვინ რა მანქანით შემოვიდა, ვინ სად წავიდა, ვინ „ფეიკს“ ამბობს, ვინ სიმართლეს, ამას ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს. ნუ გგონიათ თქვენი თავი ხალხზე ჭკვიანი, ისინი სათანადო შეფასებისას მისცემენ, იმას, ვინ იყო რძის პროდუქტების მანქანაში და ვინ დაიმალება სარეცხი ფხვნილისა და სარეცხი საშუალებების მანქანით, ამას დრო გვიჩვენებს. ნუ წუხართ ამაზე," - განაცხადა კირკიტაძემ.