ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოსკოვიდან წამოსული ნიშნები "ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს" იძლევა, თუმცა ჯერჯერობით დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება.
"ჩვენ ჯერ არ მიგვიღია რუსეთისთვის გაგზავნილ წინადადებებზე პასუხი, მივესალმებით თუ ამას გააკეთებენ. პასუხში ხაზი გავუსვით, რომ მზად ვართ გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებებისა და დიალოგისთვის, თუმცა რასაც ვხედავთ, ესაა უკრაინის საზღვრებთან მათი მძიმე არტილერიის გადაადგილება. ვაკვირდებით სიტუაციას და მოსკოვიდან მიღებულ გზავნილებზე დაყრდნობით გვჯერა, რომ არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ისინი დაინტერესებულები არიან დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებით, რათა დავსხდეთ და ალიანსთან ერთად პოლიტიკური გადაწყვეტა მოვძებნოთ.
თუმცა ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს რაიმე სახის დეესკალაციის ნიშნები ადგილზე, არ გვინახავს ასევე იმის ნიშანი, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალები შემცირდა, ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ იმის მონიტორინგს, თუ რა ნაბიჯებს დგამს რუსეთი," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ხვალ თავდაცვის მინისტერიალი იწყება.
შეხვედრას საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებიც დაესწრებიან.