16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ფიქრობთ, რომ ახლა ბატონ ბადრი ჯაფარიძეს თუ პარლამენტის დარბაზიდან გაუშვებთ, თქვენ ამით ოპოზიციას დაასუსტებთ?" - ხატია დეკანოიძე

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობდნენ, განცხადებები გაკეთდა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წევრების მხრიდან. 

ხელისუფლების ოპონენტები ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ. 

"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ ჩვენი კოლეგებისთვის მანდატების ჩამორთმევის საკითხს და რატომ იცით? იმიტომ, რომ თქვენ თქვენი ნების წინააღმდეგ დაგავალეს, რომ ამ ორი საკითხისთვის მხარი დაგეჭირათ.

ფიქრობთ, რომ ახლა ბატონ ბადრი ჯაფარიძეს თუ პარლამენტის დარბაზიდან გაუშვებთ, თქვენ ამით ოპოზიციას დაასუსტებთ,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მხარის დაჭერა სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"დემოკრატიის პირობებში, ამომრჩეველს აქვს უფლება ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე არასამართლიანი, უპრინციპო, უღირსი ადამიანი აირჩიოს პარლამენტის წევრად. ასეა ეს დემოკრატია აწყობილი. ჩვენ თუ ზოგადად დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაშინ უნდა შევეგუო იმას, რომ სხვადასხვა უცნაური პოლიტიკოსები გვეყოლება, მათ შორის ისეთი, რომელიც შეიძლება არ მოგვეწონოს," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

განცხადებები გაკეთდა მმართველი პარტიიდან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა სამართლებრივად სწორი ნაბიჯია.

"ამ მოწვევის პარლამენტში 70 სხდომიდან არც ერთზე არ მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, არც პოლიტიკური ბოიკოტი შესაბამისი წესით არ დაადასტურა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის დამოკიდებულებაზე არა მარტო პარლამენტთან მიმართებაში, არამედ მის დამოკიდებულებაზე თავის ამომრჩეველთან მიმართებაში.

სანამ სამართალი არ აღსრულდება, მანამდე მშვიდობა არ იქნება. ამიტომ, ჩვენ გვინდა-არ გვინდა, მეტ-ნაკლებად უნდა ჩავეტიოთ ამ სამართლის ჩარჩოებში,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.  

დღის ამბები