28 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ომის მოლოდინში - რა სიტყვებით მიმართა უკრაინის მთავარსარდალმა მოსახლეობას და რას აცხადებს კრემლი

"ხვალიდან მშვიდობას რომ ომი შეცვლის" - ეს უკრაინის მთავარსარდალმა საკუთარ მოქალაქეებს ვრცელ და ემოციურ მიმართვაში უთხრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოწინააღმდეგე გააფრთხილა, რომ უკრაინელებს ომი არ სურთ, თუმცა არც ბრძოლის ეშინიათ. რუსულ სამხედრო აგრესიას უკრაინა ერთიანობით დაუპირისპირდება და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არასოდეს დანებდება - ასეთია ლიდერის გამოსვლის პათოსი.

კადრებში, რომელსაც ტელეკომპანია CNN ავრცელებს, ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული შენაერთები, არტილერია და რაკეტები უკრაინის საზღვრის მიმართულებით. ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნის სიახლოვეს რუსული ძალის მობილიზება გრძელდება, მათ შორის წყალქვეშა ნავებითა და სადესანტო გემებით.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი ჯარის ნაწილი უკრაინის სიახლოვეს ტოვებს. დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფების საკუთარ ბაზებზე, საწყის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ ფართომასშტაბიანი წვრთნებიც კვლავ გრძელდება, რომელშიც ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ჯარებია ჩართული.

უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული შეიარაღების გაყვანას არ ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ნატოს მაღალჩინოსანი დეესკალაციის თვალსაჩინო ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს, თუმცა მიმდინარე პროცესები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს მაინც უჩენს.

რუსეთი ომს არ აპირებს - კრემლის გზავნილი დღეს უცვლელია. საგარეო უწყების პრესსპიკერისთვის დასავლეთი ერთი გასროლის გარეშე უკვე განადგურდა. მარია ზახაროვასთვის დღევანდელი დღე ომის პროპაგანდის მარცხია. სამხედრო კონფლიქტის დაწყების ყველაზე რეალური საფრთხის კვალდაკვალ დიპლომატები საუბარს ჯერ არ მორჩენილან. იმედით, რომ ვითარების განმუხტვას შეძლებდა, გერმანიის კანცლერი საგანგებო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პრეზიდენტ პუტინის გზავნილი უცვლელია - არ უნდა გაფართოვდეს NATO.

დიპლომატიური წამზომი ჩართულია, თუმცა ამ ფონზე რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯებიც გრძელდება. დეპუტატები უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში დღეს იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ. გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა, საქმის ბოლომდე მისაყვანად დოკუმენტს ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. თუმცა ვლადიმირ პუტინი არ ჩქარობს.

პარალელურად კიდევ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონი ამერიკის საელჩოს კიევიდან ლვოვში გადატანასაც გეგმავს. რუსული ჯარი კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. იქცევა თუ არა კიევი ფრონტის ხაზად - ეს ჯერ არავინ იცის.

დღის ამბები