06 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
ეთერი თუთბერიძე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ვინ არის ქალი, რომლის მოსწავლეები ყინულზე დაფრინავენ, თუმცა მისი სასტიკი მეთოდების შესახებ სულ უფრო მეტს საუბრობენ

მას შემდეგ, რაც რუსი მოციგურავე, კამილა ვალიევა დოპინგ-სკანდალში გაეხვა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მისი მწვრთნელი, ეთერი თუთბერიძეც აღმოჩნდა - ბევრი ექსპერტი სწორედ თუთბერიძესა და გუნდის ექიმს ადანაშაულებს იმაში, რომ ვალიევას სიხლში ოლიმპიადაზე აკრძალული ნივთიერება იპოვეს.

ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდის თუთბერიძისეულ სასტიკ მეთოდებზე დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა ამჟამად საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა - საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ მწვრთნელს შეუძლია, მისმა აღზრდილებმა ყინულზე "იფრინონ" და შეუძლებელი შეძლონ, თუმცა მცირეწლოვანი გოგონების კარიერა, მიღებული ტრავმების გამო, ძალიან მალე მთავრდება.

როგორც "ნიუსვიქი" წერს, თუთბერიძე წლების წინ თავადაც ოცნებობდა, პროფესიონალი მოციგურავე გამხდარიყო, თუმცა კარიერა სხეულის დაზიანების გამო შეწყვიტა. ამჟამად, რუსეთის მოციგურავეების გუნდის ოქროს მედლების უკან სწორედ ეთერი თუთბერიძე დგას, თუმცა, საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვებს საკუთარი ძალების გადაჭარბებას სთხოვს და მათ კვებასაც მუდმივად აკონტროლებს. ოლიმპიური ჯილდოს მფლობელმა იულია ლიპნიცკაიამ კარიერა 17 წლის ასაკში დაასრულა, მას ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს. ასევე, ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვარჯიშის დროს გოგონებს წყლის დალევაც არ შეეძლოთ. 

თუთბერიძის ერა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე სწორედ 15 წლის იულია ლიპნიცკაიას გამოჩენიდან დაიწყო - ფენომენალურად ნიჭიერი მოციგურავე წითელი სამოსითა და "შინდლერის სიის" საუნდტრეკით წარდგა პუბლიკის წინაშე და მისი გამოსვლა სენსაციად იქცა. მას შემდეგ 8 წელი გავიდა და თუთბერიძემ საერთაშორისო შეჯიბრებებზე არაერთი ვარსკვლავი გამოაჩინა - ყველა მათგანი ურთულეს ნახტომებს აკეთებდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მსგავსი ნახტომების შესრულება მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა ადამიანის ხერხემლით არის შესაძლებელი, თუმცა ეს იმდენად მძიმე ფასი ჯდება, რომ სპორტსმენები კარიერას მალე ასრულებენ. 

რუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებზე სკანდალში არაერთხელ გახვეულან, ამჟამად ხმაური კი კამილა ვალიევას გარშემოა ატეხილი - 15 წლის მოციგურავეს, რომელმაც ჩინეთში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა, სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა - პრეპარატი მან, სავარაუდოდ, დეკემბერში მიიღო. ვალიევას შეჯიბრების გაგრძელების უფლება მისცეს, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ვიდრე საქმის განხილვა არ დასრულდება, მოციგურავე ოქროს მედალს ვერ მიიღებს. ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვალიევას დოპინგდადებით ტესტში წვლილი ეთერი თუთბერიძესაც მიუძღვის, თუმცა ვისთვისაც რუსული ტაქტიკა ცნობილია, ამბობენ, რომ მწვრთნელის ჩარევის გარეშე არცერთი წესი არ დაირღვეოდა. 

დღის ამბები