16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება"-გივი მიქანაძე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მოხვედრას ვეღარ შეძლებს.

"ოცნების" ერთ-ერთი წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ რუსთავის მოსახლეობა არ დაუშვებს პარლამენტში მოხვდეს ისეთი ადამიანი, ვისაც "კრიმინალთან აქვს შეხება."

"ამ ადამიანმა საზოგადოებას დაანახა თავისი თავი, როგორც ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა. შესაბამისად, პირდაპირ გეუბნებით, რომ რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება,"-აცხადებს გივი მიქანაძე.

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ მათ ბადრი ჯაფარიძისგან არ მოუსმენიათ განმარტება, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გააქარწყლებდა.

"თაღლითობაში არის ბრალდებული და ეს ბრალდება დადასტურდა კონკრეტული ფაქტებით. მისი და მისი მეგობრების მხრიდანაც ძალიან ისეთი განმარტება, რაიმე დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა ფულის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ და არც რუსთავის საზოგადოებაა გაურკვეველი ამ საკითხებში და, ვფიქრობ, მისი პარლამენტში დაბრუნება ამ გზით არ შედგება,"-აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პარლამენტის მანდატი უმრავლესობამ გაუუქმა, აპირებს აპრილში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და კენჭი რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები