16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ამ დროისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრის გასწვრივ 150 000 სამხედრო ჰყავს და შეჭრა სრულებით შესაძლებელია - ჯო ბაიდენი

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვრიდან თითქოს ჯარები გაჰყავს და წვრთნებს ასრულებს, ამერიკის შეერთებული შტატები კი ამბობს, რომ 150 ათასზე მეტი რუსი სამხედრო კვლავ სახიფათო პოზიციებზე რჩება.

რუსების გასვლა ვერ დაადასტურა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა. ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკელ ანალიტიკოსებს სხვა მონაცემები აქვთ.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ზოგიერთი სამხედრო ნაწილი, უკრაინის მახლობლად, პოზიციებს ტოვებს. ეს კარგი იქნებოდა, თუმცა ჯერ დადასტურება არ მიგვიღია. არ დაზუსტებულა, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზაზე ბრუნდებიან. ჩვენი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ისინი საფრთხის შემქმნელ მდგომარეობაში რჩებიან. ფაქტია, ამ დროისთვის, რუსეთს, უკრაინის და ბელორუსის გარშემო და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, 150 000 სამხედრო ჰყავს და შეჭრა სრულებით შესაძლებელია," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომზადებულია, იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აღნიშნა, რომ მზად არის დიპლომატისთვის და ასევე მზად არის გადამწყვეტი პასუხისთვის, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მისი თქმით, შეჭრის შემთხვევაში, მასშტაბური სანქციები დაეკისრება რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებს და ინდუსტრიას.

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გააჩერებს ჩრდილოეთ ნაკადი 2. პრეზიდენტის თქმით, მეზობლის საზღვრებს ძალის გამოყენებით ვერ შეცვლი. ბაიდენმა თქვა, რომ ნატოს ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს, ამერიკის სრული ძალით დაიცავს. სატელევიზიო გამოსვლის დროს პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა.

"თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები და არ მჯერა, რომ გსურთ სისხლიანი, დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ. იმ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, რომელთანაც ოჯახური ისტორიის და კულტურის ასეთი ძლიერი კავშირები გაქვთ. 77 წლის წინ, ჩვენი ხალხი გვერდიგვერდ იბრძოდა და ისტორიაში ყველაზე უარესი ომის დასასრულებლად მსხვერპლს იღებდა. მეორე მსოფლიო ომი აუცილებლობის ომი იყო. თუმცა თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ეს იქნება არჩევანის ომი, ომი უმიზეზოდ," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დეესკალაციის შესახებ, ინფორმაციის დადასტურების აუცილებლობას შეეხო დღეს სატელეფონო პრესკონფერენციაზე ნატოში შეერთებული შტატების ელჩიც. ჯულიან სმიტმა თქვა, რომ რუსები, დეესკალაციის შესახებ, დეკემბერშიც ირწმუნებოდნენ.

"ჩვენ ეს უნდა გადავამოწმოთ. ალბათ, გახსოვთ, დეკემბრის ბოლოს, მოსკოვისგან დეესკალაცის შესახებ მსგავსი განცხადებები მოდიოდა. რეალურად კი, ადგილზე ფაქტებმა ეს ვერ დაადასტურა. ასე, რომ როდესაც დეესკალაციაზე საუბრობენ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა," - განაცხადა ჯულიან სმიტმა.

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მოკავშირეებთან მოლაპარაკებას დღეს ისევ განაგრძობდა. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ესაუბრა და კიდევ ერთხელ განიხილა ის ზომები, რომლებსაც, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ გაატარებენ. სახელმწიფო მდივანი დღეს ტელეფონით სერგეი ლავროვსაც ესაუბრა და უთხრა, რომ საჭიროა გადამოწმებული, სანდო დეესკალაციის მიღწევა.

დღის ამბები