16 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის მაჟორიტარულ არჩევნებში - "ლელოს" ლიდერი პარლამენტში დაბრუნებას გეგმავს

შეძლებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის კვლავ მოპოვებას - "ლელო" 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სწორედ ბადრი ჯაფარიძეს ასახელებს. პარტიაში იმედოვნებენ, რომ მათ კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციაც დაუჭერს მხარს.

"ჩვენ გავაგრძელოთ უშეღავათო ბრძოლა არა კონკრეტულად ერთი მანდატისთვის, რადგან ერთი მანდატი, შესაძლოა, არ ცვლიდეს არაფერს, არამედ უსამართლობასთან შეუგუებლობის დასტურად. ვერ ვიტყვი, რომ ბრძოლა იქნება მარტივი, რომ რამე გარანტირებულია, მაგრამ ჩვენ ვართ განწყობილი, რომ არ შევეგუოთ არსებულ მოცემულობას და ჩვენი ყველა რესურსი მაქსიმალურად ჩავდოთ ამ ბრძოლაში,"-აცხადებს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციებს გაივლიან, ამასთან, პარტიის წევრი გიორგი ბოტკოველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. "კონსულტაციებს გავივლით, თუმცა, დღეს მთავარი და პრინციპული არის ოპოზიციის მაქსიმალური კოორდინაცია, ამიტომ, ამ გამოსავლიდან უნდა ვისაუბროთ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული ნებისმიერ ბრძოლაში, რომელშიც შევალთ,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

პარტიის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მისი პარტია რუსთავში კანდიდატის დაყენებას არ გეგმავს, თუმცა, არც ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას აპირებენ. იმავეს ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩიაც:

"ჩვენ სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს არ ეუბნება ვინ შემოხაზოს იმ შემთხვევისთვის, როცა "გირჩი" არ მონაწილეობს არჩევნებში. მე და "გირჩის" ამომრჩევლებს ის გვაერთიანებს, რომ ჩვენი პირველი არჩევანია "გირჩი", ამის იქით ჩვენი საქმე არ არის ვინმეს მოვუწოდოთ ვინმე შემოხაზოს, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება ბატონი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს რუსთავის გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება გარდაბანში, ბათუმში კი საკრებულოს წევრი უნდა აირჩიონ.

დღის ამბები