ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნა შეეხება, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებას ავრცელებს.
"ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში," - ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.
გარდა ამისა, ელჩი რამდენიმე ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხსაც გამოეხმაურა.
"რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად," - აღნიშნავს ჰარცელი.