16 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ლაშა ხუციშვილის "მინისტრის საათი" პარლამენტში - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ელოდებიან. "მინისტრის საათის’’ ფორმატში, კანონმდებლებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხის რეჟიმი. 

ინფლაცია, საინვესტიციო გარემო, სასესხო ხელშეკრულებები - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მათ მინისტრთან 100 კითხვა აქვთ მომზადებული. 
 
"ფინანსთა მინისტრი არის ფულის მინისტრი. ფული მილიარდობით ნასესხები, ჩვენი ბიზნესის მიერ სიმწრით ნაშოვნი და ბიუჯეტში შეტანილი იფლანგება. ბიუჯეტი არის არაეფექტური, მფლანგველური, მორგებულია "ქართული ოცნების" და არა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ესაა მთავარი და კონკრეტიკა იქნება უამრავი - 100 კითხვა გვექნება დღეს,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 
 
ინფლაცია და საწვავზე გაზრდილი ფასები - მწვავე კითხვები აქვს მინისტრთან "რეფორმების ჯგუფის" წევრ თეონა აქუბარდიასაც:
 
"ყველა იმ მწვავე კითხვას დავუსვამთ, რომელიც დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს - ეს არის როგორც გაზრდილი ინფლაცია, ის საწვავის ფასები, რომელზეც პროგნოზი არის, რომ კიდევ უფრო უნდა გაძვირდეს, ამ დროს აქციზის გადასახადთან მიმართებაში თუ აპირებს რამეს; ასევე, მთავრობის ის ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველებს ეხებათ და ამ კუთხით, ფინანსთა მინისტრი როგორ ხედავს ამ შესაძლებლობებს; ასევე, გაზრდილი საგარეო ვალი, რომელიც უკვე არაფერში აღარ წერია,"- აცხადებს წევრი თეონა აქუბარდია. 
 
"გირჩში" კი აინტერესებთ, რა აზრისაა ფინანსთა მინისტრი მათ იდეაზე საყოველთაო პრივატიზაციასთან დაკავშირებით. 
 
"ჩვენი კითხვები იტრიალებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად მთავრობა ახერხებს თავისი ფინანსური ინსტრუმენტებით, ადამიანებს ყოველდღე ცხოვრება გაუძვიროს - აქედან გამოსავლად რა ესახებათ; ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი მოსაზრება იმ იდეაზე, რომელიც "გირჩს" დიდი ხანია აქვს - ეს არის საყოველთაო პრივატიზაციის იდეა," - აცხადებს ჰერმან საბო. 
 
მინისტრთან შეკითხვები ექნებათ მმართველი გუნდის დეპუტატებსაც:
 
"ფინანსთა მინისტრი წარადგენს 1 წლიან ანგარიშს პარლამენტის წინაშე. ვფიქრობ, კითხვები იქნება მრავლად და, იმედი მაქვს, პასუხებიც იქნება შესაბამისი. კითხვები, სავარაუდოდ, იქნება ინფლაციაზე, საბანკო სესხებზე და, რა თქმა უნდა, პანდემიის დროს მთავრობის მიერ დახარჯულ თანხებზე, საბიუჯეტო დანახარჯებს ვგულისხმობ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე. 
 
დღის ამბები