16 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ექნება თუ არა ბადრი ჯაფარიძეს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა - "ლელოს" ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

ვინ დაუჭერს მხარს რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს, შეჯერდება თუ არა ოპოზიცია ერთ აზრზე - ეს "ლელოს" ოფისში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

"ნაციონალური მოძრაობა" მზადაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ დააყენოს და მხარი ჯაფარიძეს დაუჭიროს, სავარაუდოდ ასე მოიქცევა "სტრატეგია აღმაშენებელიც".

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თამაზ დათუნაშვილის თქმით, მიმდინარეობს ოპოზიციასთან აქტიური კომუნიკაცია. 

"მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებთან. ვმუშაობთ იმაზე, რომ სრული კონსოლიდაცია მოხდეს ამ შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრის, იმიტომ, რომ ეს არ არის "ლელოს" ბრძოლა, ეს არ არის ბადრი ჯაფარიძის ბრძოლა. ეს უნდა იყოს კამპანია, რომელიც დაუბრუნებს საქართველოს მოქალაქეებს რწმენას, რომ ბრძოლას აქვს აზრი, უახლოეს რამდენიმე დღეში შეიკვრება ეს კოალიცია, რომელიც ბადრი ჯაფარიძეს ერთიანად წარადგენს," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსთავში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას არ დავუყენოთ კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ განვიხილავდით კანდიდატის დაყენებას. რაც შეეხება კონსულტაციებს, შეხვედრა იგეგმება გიორგი ვაშაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შორის იმისათვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მას გავუზიაროთ. ვფიქრობ, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რუსთავში იყოს ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

რაც შეეხება პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაში" წევრს, დავით კირკიტაძე ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.  

"ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ბატონ ბადრის და ღრმად ვარ დარწმუნებული, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, იმიტომ, რომ არავის არსად არ მოსწონს უსამართლობა და ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და ასე არიან რუსთაველები და ის ხალხი გარდაბნის სოფლებიდან, რომლებიც შემოერთებულია ამ სამაჟორიტარო ოლქს," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

დღის ამბები