16 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან და გამოსვლა NATO-ს მინისტერიალზე - რა საკითხებს განიხილავს ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე. ამ წუთებში კი უკვე მინისტერიალი იწყება - ჯუანშერ ბურჭულაძის გამოსვლას ნატოს წევრი 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მოისმენს.

ნატოს ქვეყნების მხრიდან გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც.

"უკრაინელ და ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ღია კარის პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ამ საკითხზე ერთიანობა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ჩვენგან გზავნილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია.

ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ დაპირების, ეს არის ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც არ გადავხედავთ, კომპრომისი ამ თემაზე არ იქნება. უკრაინელ და ქართველ მინისტრებთან ამ გზავნილს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ. ნატოს გაფართოების საკითხი მხოლოდ ალიანსის და კონკრეტული ქვეყნის საქმეა. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ საკითხში.

ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ უკრაინაზე და იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მათ დასახმარებლად არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ლიეტუვა ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დიალოგი და ამ ქვეყნების მხარდაჭერა. ეს ლიეტუვას გრძელვადიანი პოლიტიკაა," - განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის ვიცე-მინისტრმა მარგირის აბუკევიჩუსმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ ვალისის განცხადებით, ისინი არ აპირებენ კომპრომისზე წავიდნენ ღირებულებებთან და ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებით:

"ნატოს ღია კარის პოლიტიკის პრინციპი აბსოლუტურად ნათელია. არ ვაპირებთ მის შეცვლას, სწორედ ეს იყო ნატოს პასუხიც რუსეთის წინადადებებზე, რომ ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ჩვენს ღირებულებებთან, ღია კარის პოლიტიკასთან და იმ საკვანძო საკითხთან მიმართებით, რომელიც წესდების მე-5 მუხლს ეხება თავდაცვის თაობაზე. ჩვენ თავდაცვითი ორგანიზაცია ვართ და არა თავდასხმითი. ჩვენი გზავნილი საქართველოს მიმართ ისაა, რომ არსებობს გარკვეული პროცესები, ამავდროულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომელიც უკრაინასთან მიმართებით შეიქმნა, თუმცა სწორედ რომ ნატოს ღირებულებებია საფრთხე რუსეთისთვის და არა ნატოს ჯარები" - განაცხადა ბენ ვალისმა.

ერთიანი პასუხის აუცილებლობაზე საუბრობს კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი:

"კანადა მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება გახდეს იმ ორგანიზაციის წევრი, რომლისაც სურს. მნიშვნელოვანია, რომ ნატო ამ საკითხში ერთიანია. ყირიმში რუსეთის უკანონო შეჭრამ დაადასტურა, რომ ერთიანი პასუხი აუცილებელია. აქვე გეტყვით, რომ რუსეთს დღეს აქვს არჩევანი დეესკალაციასა და მძიმე ეკონომიკურ სანქციებს შორის," - აღნიშნა ანიტა ანანდმა.

დღის ამბები